2024 წლის 7 ივნისს, ტელეკომპანიებმა „იმედი“, საზოგადოებრივი მაუწყებელი, „რუსთავი 2“ და ონლაინ გამოცემებმა „რეზონანსი“, „Geo-Times“, „Primenews“, „ნიუსჰაბი“ და კრემლისტური „Sputnik საქართველო”, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ „ატლანტიკურმა საბჭომ“ საქართველო მმართველობის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ “ატლანტიკურმა საბჭომ“ თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსის ანგარიში 2024 წლის თებერვალში გამოაქვეყნა, თუმცა როგორც თავად დოკუმენტის 291-ე გვერდზე, მეთოდოლოგიის ნაწილში არის აღნიშნული, „თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსი 1995 წლიდან 2022 წლამდე პერიოდს ფარავს. ბოლო წლის ანალიზისთვის, ინდექსები იყენებს უახლეს ხელმისაწვდომ მონაცემებს. თავისუფლების ინდექსის გაზომვის შემთხვევაში ძირითადად 2022 წლის მონაცემები არის გამოყენებული, ხოლო კეთილდღეობის ინდექსის შემთხვევაში - 2021 წლის მონაცემები.“

იმავეს მოწმობს თავად ანგარიშში გამოყენებული გრაფები, რომლებშიც ბოლო მონაცემები 2022 წლიდან არის მითითებული.

„ატლანტიკური საბჭო“ 1995 წლიდან მსოფლიოს 164 სახელმწიფოს თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსს ზომავს. როგორც „ატლანტიკური საბჭოს“ თავისუფლებისა და კეთილდღეობის ცენტრის მეთოდოლოგიაში არის აღნიშნული, თავისუფლების ინდექსის გაზომვისას გათვალისწინებულია ეკონომიკური, პოლიტიკური და სამართლებრივი თავისუფლებების კომპონენტები, კერძოდ, ეკონომიკური თავისუფლებების ანალიზისას იზომება თუ რამდენად არის სახელმწიფოში დაცული საკუთრების უფლება და უზრუნველყოფილი ვაჭრობის, ინვესტიციების და ქალთა ეკონომიკური თავისუფლება. პოლიტიკური თავისუფლებები აანალიზებს, თუ რამდენად ტარდება სახელმწიფოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რამდენად არის დაცული სამოქალაქო, პოლიტიკური თავისუფლებები და არსებობს თუ არა აღმასრულებელი ხელისუფლების დამაბალანსებელი მექანიზმები. თავის მხრივ, სამართლებრივი თავისუფლებები სახელმწიფოში ზომავს კანონის სიცხადის ხარისხს, სასამართლოს დამოუკიდებლობასა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ხარისხს და კორუფციის დონეს.

„ატლანტიკური საბჭოს“ თავისუფლებისა და კეთილდღეობის ცენტრის მონაცემების მიხედვით, რომლის ჩამოტვირთვა და ანალიზი ნებისმიერ მსურველს შეუძლია, 1995 წელს საქართველოს თავისუფლების ინდექსი 49.6 იყო და ქვეყანა მსოფლიოში 110-ე ადგილზე, მეტწილად არათავისუფალთა კატეგორიაში იმყოფებოდა. 2003 წლამდე ინდექსი მინიმალურად იზრდებოდა ან სტაგნაციას განიცდიდა, 2003 წელს კი ინდექსმა 54.2 შეადგინა და საქართველო 101 პოზიციაზე გადაინაცვლა. 2004 წლიდან საქართველომ მეტწილად თავისუფალ სახელმწიფოთა კატეგორიაში იმყოფებოდა და 2007-2011 წლებში თავისუფლების ინდექსი 64-65 ფარგლებში რჩებოდა, ამ დროს საქართველოს პოზიციები მსოფლიოში 71-75 შორის მერყეობდა. რაც შეეხება 2012 წლის შემდგომ პერიოდს, საქართველოს პოზიციები 68-დან 45-მდე მართლაც გაუმჯობესდა და 2016 წლიდან (2017-ის გამოკლებით) თავისუფალ სახელმწიფოთა კატეგორიაში იმყოფებოდა. 2023 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში, ისევე როგორც 2024 წელს გამოცემულ ანგარიშში, საქართველო 45-ე პოზიციას იკავებდა ხოლო ქვეყნის თავისუფლების ინდექსი 75.4 შეადგენდა, შესაბამისად, საქართველოს ინდექსი და პოზიცია არ შეცვლილა, რადგან ორივე ანგარიშის შემთხვევაში 2022 წლის მონაცემები არის გამოყენებული.

ამის გათვალისწინებით, საქართველო პოლონეთს, უნგრეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს, ალბანეთს, თურქეთს, ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყნას რეიტინგში 2022 წლის მონაცემების მიხედვით უსწრებს. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის შემდეგ მმართველმა პარტიამ ე.წ „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონი ორჯერ დააინიციირა, რასაც საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა, მათ შორის ისეთი ორგანიზაციებისგან, რომლებიც საერთაშორისო მასშტაბით თავისუფლების და დემოკრატიის ხარისხს ზომავენ, როგორიც არის გაერო, Freedom House, Amnesty International, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, V-Dem, და Human Rights Watch, შესაბამისად, „ატლანტიკური საბჭოს“ თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსისანგარიში 2023-2024 წელს განვითარებულ მოვლენებს არ მოიცავს. აქედან გამომდინარე, ანგარიშის შესახებ ინფორმაციის გავრცელება იმ ფაქტის დაკონკრეტების გარეშე, რომ ის 2022 წლის მონაცემებს ეყრდნობა, შეცდომაში შემყვანია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.